weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

მაქსიმუმ 2-3 თვე გავიჭირვოთ და ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ – პრემიერი

12:16 პარასკევი, 13 აგვისტო 2021

„მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო თხოვნით, რომ ეს პერიოდი, მაქსიმუმ 2-3 თვე გავიჭირვოთ და ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, გამავრცელებელი ვირუსის. მგონი, ქორწილის გადახდა შემოდგომაზე კიდევ უფრო სასურველია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხში, მერობის კანდიდატის წარდგენისას.

„აუცილებელია აცრის ჩატარება. როგორც ადამიანები იცრებიან ჩვეულებრივი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებით, მიდის საუბარი იმაზე, რომ ანალოგიურად დამკვიდრდება მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში აღნიშნული აცრების ჩატარება. აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო, არავითარი გვერდითი მოვლენები, გართულებები არ ახლავს თან. ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე ძლიერი ქვეყანაა და სექტემბერში უკვე საბოლოოდ დაამტკიცებს „ფაიზერის“ ვაქცინას და ზოგადად, გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად,

ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, ვუყურებ რა ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება. ამიტომ, ამისგან თავის დაზღვევისთვის საჭიროა აცრის ჩატარება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებისა და ინფიცირებულთა გარდაცვალების რიცხვის ზრდის გამო, 10 აგვისტოდან პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახადა ღია სივრცეში, სადაც 5 ან მეტი ადამიანი იკრიბება. 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. ამავე პერიოდში სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. ასევე, იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა.

„გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენი გათვლებით, არ იქონიებს რეალურ გავლენას ეკონომიკის ზრდაზე. მინდა, აქვე ვისაუბრო კიდევ ერთხელ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე.

ბევრმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო ვაქცინების საკმარისი რაოდენობის შეტანა, ჩვენ ეს მოვახერხეთ. ოპონენტები გვაკრიტიკებენ, კიდევ რაღაცეებს გვაბრალებენ, მაგრამ ფაქტი არის სახეზე და ჩვენ ყოველთვის შედეგზე უნდა ვისაუბროთ. შედეგი არის ის, რომ ქვეყანაში 3 მლნ-ზე მეტი ხარისხიანი ვაქცინა გვაქვს.

„პფაიზერი“, ჩინური ვაქცინები და ყველაფერი, რაც ხელმისაწვდომია ჩვენი მოსახლეობისთვის“ - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, ოჯახის წევრები და ახლობლები აცრის საჭიროებაში დაარწმუნონ:

„მე აცრილი ვარ. ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. მთავარი არგუმენტია ის, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან. ჩემს ირგვლივ ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ძალიან ჯანმრთელები იყვნენ და გარდაიცვალნენ კოვიდის გამო. ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ კოვიდს შეეძლო მათი სიკვდილის გამოწვევა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა“.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 50 192 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6635 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. 1327 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 326 ადამიანი.

13 აგვისტო - გარდაიცვალა 42 ადამიანი, დადასტურდა 5359 ახალი შემთხვევა;

12 აგვისტო - გარდაიცვალა 49 ადამიანი, დადასტურდა 5128 ახალი შემთხვევა;

11 აგვისტო - გარდაიცვალა 48 ადამიანი, დადასტურდა 5352 ახალი შემთხვევა;

10 აგვისტო - გარდაიცვალა 54 ადამიანი, დადასტურდა 5697 ახალი შემთხვევა;

9 აგვისტო - გარდაიცვალა 44 ადამიანი, დადასტურდა 2236 ახალი შემთხვევა;

8 აგვისტო - გარდაიცვალა 30 ადამიანი, დადასტურდა 3344 ახალი შემთხვევა;

7 აგვისტო - გარდაიცვალა 38 ადამიანი, დადასტურდა 4216 ახალი შემთხვევა;

გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა და დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დედოფლისწყარო რაიონის სოფელ არხილოსკალოში ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფეს, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს საზეიმო დახვედრა მოუწყეს.

6 აგვისტო - გარდაიცვალა 30 ადამიანი, დადასტურდა 3780 ახალი შემთხვევა;

5 აგვისტო - დაიღუპა 38 ადამიანი, დადასტურდა 3670 ახალი შემთხვევა;

4 აგვისტო - დაიღუპა 38 ადამიანი, დადასტურდა 4233 ახალი შემთხვევა;

3 აგვისტო - დაიღუპა 34 ადამიანი, დადასტურდა 4827 ახალი შემთხვევა;

2 აგვისტო - დაიღუპა 23 ადამიანი, დადასტურდა 1655 ახალი შემთხვევა;

1 აგვისტო - დაიღუპა 33 ადამიანი, დადასტურდა 2654 ახალი შემთხვევა;

 

ამ თემაზე:

გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე პრემიერი და მაღალჩინოსნები ხალხმრავალ სუფრაზე იყვნენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]